ახალი ამბები

ყვარელში სტუდენტური კონგრესი გაიმართა

როგორც knews.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდათ, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები განეხილათ, მათ შორის ისეთები, რომლებზეც მუშაობა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად მიმდინარეობს.
“მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში მუშაობდნენ, რომლის შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად შედიოდნენ პარლამენტის მოქმედი წევრები. თითოეულმა კომიტეტმა, საბოლოოდ, შეიმუშავა და წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა”, – განუცხადეს knews.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურში.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები რეალურად აისახოს საკანონმდებლო ინიციატივებში.
„სტუდენტურ კონგრესში ორმოცი საუკეთესო სტუდენტი მონაწილეობდა. მათ ოთხი კომიტეტი შექმნეს და კომიტეტების თავმჯდომარეები თავად იყვნენ. სტუდენტები საკმაოდ კარგად უძღვებოდნენ ამ საქმიანობას. მიხარია, რომ ისინი ძალიან პროგრესულად და კრეატიულად აზროვნებენ. ჩვენ მათ შევპირდით, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მათი ინიციატივები ავსახოთ კანონმდებლობაში. მე დავრწმუნდი, რომ ამაში არანაირი რისკი არ არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ ისინი სწორად და რაციონალურად მსჯელობენ და ასე მიდიან შედეგამდე“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 
პროექტი ,,სტუდენტური კონგრესი’’ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით.