ახალი ამბები

თელავი-გომბორის გზა ტყიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა დააზიანა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. ტყიდან ჩამოსულმა ძლიერმა ნიაღვარმა გომბორის გზა დააზიანა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. თელავიდან მძღოლებს მხოლოდ შუამთის ტერიტორიამდე შეუძლიათ მოძრაობა. 
როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიაღვრე არხში წყალმა ვერ გაიარა, რის გამოც უხვმა ნალექმა სავალი გზა დატბორა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზა იწმინდება. 
,,ახლა ადგილზეა ტექნიკა, გზის 56-ე-57-ე კილომეტრში, თელავთან ახლოს ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გადაადგილების პრობლემა შექმნა. ძლიერი სეტყვის და წვიმის გამო მოსულმა ნიაღვარმა გზის რამდენიმე ნაწილზე ქვის ლოდები, ხრეში, ხის ნარჩენები და ტალახი ჩამოიტანა’’,- განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა.
აბდულაშვილის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა გზას ხრეშისგან წმენდს, თუმცა წვიმის გამო ეს პროცესი ფერხდება. 
“ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა გზაზე წყალი მოდის და ეს პროცესი ფერხდება. თუ დამატებითი ტექნიკა გახდება საჭირო, აუცილებლად დავიხმარებთ. მეც ადგილზე ვიმყოფები’’, – აღნიშნა აბდულაშვილმა.

 

 

ფოტო/ვიდეო:

knews.ge