სოფელ ვაზისუბანში ბუტიკის ტიპის სასტუმრო გაიხსნება
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ელენე ოთარაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, მე-19 საუკუნით დათარიღებულ სასახლეშიმ შენდება, რომელიც თავად სულხან ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა.
“სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, სასტუმროს დიზაინზე და არქიტექტურაზე ბრიტანელი სპეციალისტები მუშაობენ. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ მთლიანად შევინარჩუნეთ სასახლის ფასადის პირვანდელი სახე. ვინაიდან სასახლის ავეჯი არაა შემონახული, ეპოქის და ისტორიული წყაროების გათვალისწინებით, სასტუმროს ინტერიერისთვის საჭირო ნივთებს, ნახატებს და ავეჯის ნაწილს ინგლისში, პრესტიჟულ აუქციონებზე (Mallams, Moore Allen & Innocent) ვყიდულობთ“ – განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.
მისი თქმით, სასტუმროს გარს აკრავს 140 წლის წინ, სულხან ჭავჭავაძის მებაღეების მიერ გაშენებული, ინგლისური ბაღი.
“ირგვლივ მოეწყობა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა: რესტორანი, აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, ტერასა, ბაღი და ა.შ. მიმდებარე ტერიტორიაზე 7 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაშენდება ბოსტნეულის ბაღი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიყვანენ.
სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” სტუმრებს პირველ ეტაპზე 19 ნომერს შესათავაზებს, სხვადასხვა კატეგორიის ოთახით. აღდგენილი სასახლე გახდება რეგიონის ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელიც ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას”, – აღნიშნა ოთარაშვილმა.
კომპანია “ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს. მათი მთავარი მიზანია, აღადგინონ თავად სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი მეურნეობა და ადგილ-მამული.