ახალი ამბები

ყვარელში სტუდენტური კონგრესი გაიმართება

კონგრესი დღეს გაიხსნება და ხვალ დასრულდება. როგორც knews.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტი ,,სტუდენტური კონგრესი’’ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილონ, მათ შორის ისეთები, რომლებზეც მუშაობა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად მიმდინარეობს.
“მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად შევლენ პარლამენტის მოქმედი წევრები: ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე – ბექა ოდიშარია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – დიმიტრი ცქიტიშვილი და ფრაქცია შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. თითოეული კომიტეტი, საბოლოოდ, შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ირგვლივაც ღია დისკუსია გაიმართება”, – განუცხადეს knews.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურში.