კონკურსი საქართველოს მოხალისე დაიწყო
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტსა და ქალაქ თბილისში მცხოვრებ 16-დან 25 წლამდე მოხალისეებს. ერთი მუნიციპალიტეტიდან 2 მოხალისე შეირჩევა. როგორც knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს.
„კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, 3 ივლისის ჩათვლით, რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგარამის საკოორდინაციო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები: მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება; კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები; პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს გადაეცემა ტრენინგ-სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და წლის ბოლომდე მიენიჭება „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2018 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სხვა“, – განუცხადა knews.ge-ს განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ანა ხაბარელმა.
მისივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ: გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი სრულიად უფასოდ; მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში და ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში.