თელავში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზებზე იმსჯელეს
პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებულ სემესტრის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სოფელ იყალთოს, ვანთის, საგარეჯოს მე-3, სოფელ მზისგულის, უდაბნოს გამარჯვების, ფიროსმანის და თელის საჯარო სკოლების წარმომადგებლებმა განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარადგინეს.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც PH International აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მოსწავლეებმა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით გრანტებისა და ინიციატივების ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობა ჩაატარეს.
,,პროგრამა „მომავლის თაობა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით კახეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლაშია წარმოდგენილი. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაძლიერებას მასწავლებელთა გადამზადებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის გზით. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას. სწორედ ამას ემსახურება მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. აქ წარმოდგენილი მაგალითებით მოსწავლეები ინფორმაციას გაცვლიან, ხოლო დამსწრეებისთვის ეს იქნება მომავალი თაობის შესაძლებლობების განსაზღვრა’’,- განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.