პანკისის ხეობაში კონფლიქტური სიტუაცია განიმუხტა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით მომხდარი ინციდენტის გამო შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია უკვე განმუხტულია. უწყების ცნობით, სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
“რეგინფოს” ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა. ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.