“სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო არ არის ქმედითი”
კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ საბჭოს რეგიონის დონეზე უნდა დაემატოს ის ფუნქციები, რომლებიც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას.
„დღეს სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო არ არის ქმედითი. ეს არის მხოლოდ საკონსულტაციო, საჯარო ორგანო და მას არანაირი სამართლებრივი ბერკეტები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები არ გააჩნია. მას შეიძლება უფრო მეტი ფუნქციები ჰქონოდა. საბჭოს რეგიონის მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების ისეთი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რაც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი ფუნქციაა რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; სახელმწიფო რწმუნებულისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კახეთში საკონსულტაციო ორგანოს გუბერნატორი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები. გუბერნატორის მოადგილის, გივი მეტრეველის ინფორმაციით, სხდომაზე პროექტის განხილვის შემდეგ, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მერებს შეუძლიათ მისი წარდგენა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
„მუნიციპალიტეტები თავად ირჩევენ განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს. სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოზე აღნიშნული პროექტები განიხილება. საბჭოს არსი მნიშვნელოვანია. მაგალითად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა იცის, რა სტრატეგია აქვს არჩეული თელავის მუნიციპალიტეტს. პროექტების მოწონება უშუალოდ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს პრეროგატივაა. სამხარეო საბჭოს ფუნქციონირება ხელს უწყობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა ერთი სტრატეგიით იმოქმედოს ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გივი მეტრეველი.