სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, ექსკურსიებს საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.
„ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება, სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, სავალდებულო იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.” – განაცხადა ლია გიგაურმა.
დღემდე, თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე რეგულაციები არ ვრცელდებოდა.