საგარეჯოში ავტოავარიისას დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ექიმების თქმით, იგი პოლიტრამვებით რეგიონალურ ჰოსპიტალში დღეს დილით საგარეჯოს საავადმყოფოდან რეანომობილით გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული კი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით გადაიყვანეს. დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი 7 წლის მოზარდია, რომელსაც იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მანავში წუხელ მოხდა. ერთმანეთს მერსედესისა და შკოდას მარკის ავტომობილები შეეჯახა. მერსედესის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 5 მგზავრი კი დაშავდა. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: საინფორმაციო სააგენტო “პირველი”