ლაგოდეხში ეკო ბანაკი გაიხსნა
“საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, ფონდ “სიცოცხლის ხის“ მიერ სოციალური მეწარმეობის თემაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული “შესაძლებლობების სივრცის“ პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა, 50 000 ლარით დაფინანსდა.
„ეკოლოგიასა და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვის მიზნით ლაგოდეხის ნაკრძალის 1 000 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში აშენდება ადაპტირებული სველი წერტილები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები, აიგო დამხმარე შენობები – სამზარეულო და ხის ღია სასადილო სივრცე. მოეწყო სპეციალური საკარვე ტერიტორია, რომელიც გათვლილია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებზე“, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს ბანკში.
საქართველოს ბანკის ცნობით, ბანაკი ადაპტირებულია მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის და მას ერთდროულად 50-მდე ვიზიტორის, მათ შორის, ინკლუზიური ჯგუფების მიღება შეუძლია.
“ბანაკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ღია ცის ქვეშ კონფერენციების, კინოჩვენებების, გამოფენების, სოციალურ კამპანიების, ტრენინგების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. სოციალურ საწარმოში 5 პირი, მათ შორის, შშმ პირები დასაქმდებიან, საწარმოს შემოსავალი კი სოციალური მისიის განხორციელებას მოხმარდება”, – აღნიშნეს საქართველოს ბანკში.
„საქართველოს ბანკი“ სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს. ბანკმა, ჯამში, 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად 386 917 ლარამდე საგრანტო დაფინანსება გამოყო.