ეკონომიკის სამინისტრო საკრედიტო-საგარანტიო რეფორმას იწყებს
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმა და მისი მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. მისი განმარტებით, აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
,,ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და ევროკავშირისგან. ამ თემაზე პირადად მქონდა კომუნიკაცია ევროკომისარ კატარინა მატერნოვასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან. მინდა, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გაეცნოს ამ რეფორმის მნიშვნელობას და იმ სარგებელს, რაც აქამდე სხვა ქვეყნებში მოიტანა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყანასაც ბევრ სიკეთეს მოუტანს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.