მთავრობა სკოლის ექსკურსიების რეგულირებას გეგმავს
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ექსკურსიების ორგანიზება განისაზღვრება სამინისტროსთან შეთანხმებით და დაიწყება ექსკურსიების მძღოლების ლიცენზირება. ჩხენკელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსკურსიების ესკორტირებაც დაიწყოს.
“მიუხედავად იმისა, რომ ექსკურსია, რომლის დროსაც გომბორის გზაზე ავარია მოხდა და 4 ადამიანი ემსხვერპლა, თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები. მოსაგვარებელია ესკორტის საკითხები და სპეციალური ნებართვა მძღოლებისთვის, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავს. აუცილებლად შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებთან მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.