მაჩალიკაშვილი – ევროპულ საქართველოს ოთხჯერ შეახსენეს თემირლანის საქმე, ვითომ არ ესმოდათ
მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას ნიკა გვარამიამ “ევროპულ საქართველოს” მაჩალიკაშვილის საქმე ოთხჯერ შეახსენა, თუმცა ამაოდ.
“უნდა განხილულიყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც. მეც ვითხოვ საგამოძიებო კომისიაზე ჩემი შვილის საქმის განხილვას. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დანაშაული, ისეთი დანაშაული, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. საყვადური მაქვს “ევროპულ საქართველოსთან”. ოთხჯერ შეახსენეს, რატომ არ ახსენებთო მაჩალიკაშვილის საქმეს საგამოძიებო კომისიაში, ვითომ არ ესმოდათ. ჩვენ ხო ვიყავით პრემიერთან და შევხვდით. პრემიერმაც ჩემი განცხადების შემდეგ მიმიღო. ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილის მთავარი მოთხოვნაა პანკისის სპეცოპერაციაში მონაწილე პირები დასჯა და თემირლანის უდანაშაულობის აღიარება.
“თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით, ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს სახელმწიფოს შეცდომაა. ამ უსასტიკესი დამაშაულის გადასაფარად რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად, ეს არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი. მე მათ ვეუბნები, აღიარონ მისი უდანაშაულობა, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა და დასაჯონ ეს ხალხი, ვინც ჩაიდინა ჩემთან ეს ტერაქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები. პანკისში დაიწყება აქციები, როგორც კი ჩაივლის რამადანის თვე”,- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.