საარჩევნოდ აკრედიტაციის მისაღებად მედიას საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენა მოუწევს
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის ვალდებულება “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტით შემოდის, რომელიც პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
,,ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ მოეთხოვებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს. გარდა ამისა, მცირდება აკრედიტაციისთვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან ორი დღის ვადაში. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია და ნინო გოგუაძე.