ახალი ამბები

გომბორის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 12 ბავშვია დაშავებული

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, მედიკოსები მათ ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ. ხათუნა ჭუნიაშვილის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულებს დაზიანებები, ძირითადად, გულ-მკერდის არეში აქვთ მიღებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ვაზიანო-გომბორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია. საპატრულო პოლიცია გომბორზე მიმავალ ავტომანქანებს გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გზა სამაშველო ოპერაციის დასრულებისთანავე გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე ამოიყვანეს. 
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანია. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტო: ,,ინტერპრესნიუსი”

გადაღებულია შემთხვევის ადგილზე