სტატიები

კონტროლი ფერმიდან სუფრამდე – რატომაა აუცილებელი ცხოველთა რეგისტრაცია?

ევროკავშირი ითხოვს, რომ მსგავსი სისტემა დანერგილი ჰქონდეს ნებისმიერ მესამე ქვეყანას, რომელსაც სურვილი აქვს ივაჭროს ევროკავშირთან ცოცხალი ცხოველებითა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციით. აღნიშნული დირექტივა შეეხება საქართველოს, როგორც ევროკავშირთან DCFTA შეთანხმების მხარეს. დღემდე ცხოველების რეგისტრაციის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის გაუგებარია.

რას ნიშნავს ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და რატომაა აუცილებელი?

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა გულისხმობს ცხოველების გადაადგილებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგს. ლაშა ავალიანის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ცხოველთა ჯანმრთელობისთვის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელ ტერიტორიაზე რა რაოდენობის ცხოველები არიან განლაგებულნი, რათა ისინი ვაკონტროლოთ, სხვადასხვა დაავადებაზე ჩავუტაროთ უფასო ვაქცინაცია. ჩვენ ვიცავთ როგორც ცხოველების ისე ადამიანების ჯანმრთელობას, რადგან დაავადებების 70%, რომლითაც ინფიცირდება ადამიანი, არის ცხოველური წარმოშობის. ერთი ინდივიდუალური ცხოველის დაავადების შესახებ ინფორმაციის ფლობა ხელს შეუშლის სხვა ცხოველებში დაავადების გავრცელებას და შეამცირებს ბაზარზე დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხვედრას“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ლაშა ავალიანი.

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა საქონლის ხორცის ყიდვის დროს?

ლაშა ავალიანი მიუთითებს, რომ ცხოველების რეგისტრაციის სისტემა, უპირველეს ყოვლისა, საზოაგდეობის ინტერესებს ემსახურება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.

როდესაც მომხმარებელი მივა მაღაზიაში, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ცხოველი დაიკლა სასაკლაოზე და ის იყო ჯანმრთელი. დაკვლის პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს სახელმწიფო ვეტერინარი. სასაკლაოზე დაკლულ ყველა ცხოველს უნდა მოჰყვებოდეს ეტიკეტი, რომელიც არის სპეციალური ინფორმაციის შემცველი ფურცელი, სადაც მითითებულია რომელ სასაკლაოზე და როდის დაიკლა და .. მომხმარებელმა უნდა მოსთხოვოს ეს ინფორმაცია ხორცის გამყიდველს და ის ვალდებულია უჩვენოს ეტიკეტი. ხორცის გამყიდველმა მომხმარებელს ასევე უნდა წარუდგინოს ფორმა N2, რომელიც დამატებით მოყვება ტრანსპორტირების შემთხვევაში, რომლითაც დასტურდება, რომ ცხოველი დაიკლა სასაკლაოზე“, – განმარტავს ავალიანი.

ავალიანი მომხმარებლებს ურჩევს ხორცი ქუჩაში არ შეიძინონ, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ცხოველი არ არის დაკლული სასაკლაოზე.

რას გულისხმობს ცხოველთა იდენტიფიკაციის ვალდებულება?

ევროდირექტივების მოთხოვნები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით. როგორც მსხვილფეხა ისე ქვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტებია: საყურე ნიშანი, ცხოველთა სადგომის რეგსიტრაცია, მონაცემთა ელექტრონული ბაზის, სადგომის წიგნაკისა და გადაადგილების დოკუმენტის წარმოება.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კომუნიკაციების ოფიცერი ნინო თოფურიძე აღნიშნავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ყოველწლიურად გააკონტროლოს ცხოველთა სადგომები და უნდა განახორციელოს საქონლის რეგისტრაცია.

„ფერმერს უნდაა ჰქონდეს ჩანაწერი, როდის მოიგო ცხოველმა, როდის გარდაიცვალა ცხოველი, რა ასაკის არის. როდესაც ფერმერს ცხოველი მიჰყავს ერთი ადგილიდან მეორეზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამის შესახებაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ეს არის ფერმერისთვის მნიშვნელოვანი და ბევრად უფრო პროდუქტიული და გაცილებით უფრო მარტივია ცხოველის ყოლა. რაც შეეხება საყურე ნიშანს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, წელიწადში ორჯერ, ყველა ფერმერთან მიდის და ცხოველს უმაგრებს საყურე ნიშანს. ახლადდაბადებული ცხოველის შემთხვევაში, ფერმერმა უნდა დარეკოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და ცხოველისთვის მოითხოვოს საყურე ნიშანი. ცხოველის დაბადებიდან მისი იდენტიფიცირების ვადა არის 21 დღე.

ცხოველს აქვს ორი საყურე ნიშანი. თუ ერთი მათგანი დაიკარგა, უნდა ჩანაცვლდეს მეორე საყურე ნიშნით. თუ ორივე დაიკარგა, მას უმაგრდება ახალი საყურე ნიშანი. ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფერმერმა უნდა აცნობოს. თუ ფერმერი არ არის კეთილსინდისიერი, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მაინც უნდა მივიდეს მასთან“, – აღნიშნავს ნინო თოფურიძე.

რეკომენდაციები

ცხოველთა იდენიტფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინსტიტუციურ გარემოზე და ადეკვატურ ფინანსურ მხარდაჭერაზე. ექსპერტების შეფასებით, ბევრი ქვეყნის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ სისტემა საკმაოდ ძვირია და მთავრობებს დიდი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა უწევთ ამ მიმართულებით. ეკონომიკური კვლევის ცენტრის მოსაზრებით, სისტემის წარმატება არ გამოიხატება მხოლოდ რეგისტრირებული ცხოველების რაოდენობაში, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანია რეგისტრირებული ცხოველების მოძრაობის კონტროლი, დაკვლა, გარდაცვალება ან ექსპორტ-იმპორტი. ორგანიზაციის რეკომენდაციით, სისტემას სჭირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, სასაკლაოებისა და ფერმერთა ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა.