კახეთის თვითმმართველობები სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების გარეშე
ექსპრეტები ამბობენ, რომ მოქალაქეების აქტიური ჩართულობა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში თვითმმართველი ორგანოების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. თვითმმართველობის გაძლიერება და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტის მერს ავალდებულებს ჩამოაყალიბოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანი მოქალაქეთა გააქტიურებაა. საბჭო კახეთის მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტის მერიაში ფუქნციონირებს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სათათბირო ორგანოს შექმნა 31 მაისს დააანონსა. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი საბჭოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ქალაქ თელავში მცხოვრები მაკა მოსიაშვილი ფიქრობს, რომ მერიის სათათბირო ორგანო იქნება დანამატი და მის შემადგენლობაში არ შეიყვანენ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს. მოსიაშვილი აპირებს, განცხადებით მიმართოს მერს, რათა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შევიდეს. მისი თქმით, თუ გახდება საბჭოს წევრი, უპირეველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს თელავის სამხატვრო სკოლის შენობიდან გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციის გამოსახლების საკითხზე.
„თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს არ ჰყავდა მრჩეველთა საბჭო. თელავის მერს ჰყავდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და ამ საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ მერის სათათბირო ორგანოს წევრები იყვნენ. საბჭო ერთადერთხელ შეიკრიბა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თელავის მერს არც ერთი მოქალაქის აზრი არ გაუთვალისწინებია. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, არ მაქვს იმედი იმის, რომ თელავის ამჟამინდელი მერი შოთა ნარეკლიშვილი მოქალაქეებს მოუსმენს. ნარეკლიშვილმა არც ერთ მოქალაქეს არ ჰკითხა ისე მიაღებინა საკრებულოს ბიუჯეტი. მე ვაპირებ, რომ დავწერო განცხადება და შევიდე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში. თუ ვიქნები სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, აუცილებლად დავსვამ საკითხს, რომ ორი წლის წინ სამხატვრო სკოლის ქვედა სართულიდან გამოაძევეს გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქცია, დაიხურა მედია კაფე და თქვეს, რომ უნდა განხორციელებულიყო სენსაციური პროექტი. მას შემდეგ ეს ტერიტორია ლპება, ინგრევა, ფუჭდება და ამაზე მოვითხოვ პასუხს“, –ამბობს knews.ge-სთან საუბრისას მაკა მოსიაშვილი.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიციაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბაადურ რევაზიშვილი მიიჩნევს, რომ მერის სათათბირო ორგანოს საქმიანობა არ იქნება ეფეტქური და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.
„ნაკლებად მგონია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იყო ეფექტური ორგანო. ხელისუფლება ყოველთვის თავს არიდებს, რომ კომისები თუ საბჭოები დააკომპლექტონ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებით. მე ამ საბჭოს მიმართ ნდობა არ მაქვს. თუ ამ საბჭოში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალურად გააკონტროლებენ ხელისუფლების საქმიანობას, შედეგი რეალურად იქნება, თუმცა არ მგონია, რომ ასე მოხდეს. ხშირად კანონი მხოლოდ ქაღალდზე რჩება“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ბაადურ რევაზიშვილი.
თელავის მერი კი ირწმუნება, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იქნება ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის. შოთა ნარეკლიშვილი მიუთითებს, რომ საბჭოს წევრების ინიციატივებსა და მოსაზრებებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა მოვუსმენთ მოქალაქეებს და მაქსიმალურად შევეცდებით, მათი მოსაზრებები გავითვალისწინოთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ. საბჭო უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილი.
თელავის მსგავსად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებაზე მუშაობენ საგარეჯოს, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები მერები. ისინი აცხადებენ, რომ სათათბირო ორგანოების ფორმირების პროცესი ივლისის ბოლომდე დასრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. მერის სათათბირო ორგანოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.
წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.