კურორტ ახტალაზე დამსვენებელთა რაოდენობა შემცირდა
როგორც კურორტის დირექტორმა, გიორგი უტიაშვილმა “აიპრესს” განუცხადა, “ახტალაზე” სეზონი 15 მაისს გაიხსნა. ის დამსვენებლთა რაოდენობის გაზრდას ივლისიდან ვარაუდობს.
“ვიზიტორთა რაოდენობა კი შემცირდა, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ახალი დამსვენებლები გვყავს. 2 ჩამოვიდა ისრაელიდან, 1 უკრაინიდან, 3 რუსეთიდან, ხოლო დანარჩენი – საქართველოდანაა. დამსვენებელთა რაოდენობას ველოდებით ივლისიდან. ამ პერიოდში მათი რაოდენობა საგრძნობლად მატულობს და სანატორიუმი, სადაც ამჟამად 69 ნომერი ფუნქციონირებს, მთლიანად ივსება“, – განაცხადა გიორგი უტიაშვილმა.
უტიაშვილმა knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კუროტი ახტალა ელექტრონულ აუქციონზეა გატანილი და 3 755 000 ლარად იყიდება.
“აუქციონი 14 ივნისს გაიმართება. ინვესტორები უკვე დიანტერესდნენ. მე არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ რამდენიმე მათგანი ჩამოვიდა და ტერიტორია დაათვალიერა. ტერიტორია, რომელიც მოიცავს ბავშვთა გასართობ ადგილსა და ცენტრალურ პარკს, არ გაიყიდება. 4 ჰექტარი ფართობი აუქციონზე არ გავა. “, – განაცხადა უტიაშვილმა.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა “ახტალაზე” 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა ააშენოს. ამასთან ერთად, ინვესტორი ვალდებულია არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. კურორტი პროექტის “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში იყიდება, რომლის მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.