EMC – შსს-ს წარმომადგენლები მალხაზ მაჩალიკაშვილს უკანონოდ უთვალთვალებენ
EMC მაჩალიკაშვილის მიმართ უკანონო ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო დამუშავების ფაქტებზე საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2 ივნისს, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტიდან თბილისის მიმართულებით საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზნით ტაქსით გადაადგილდებოდა, მას უთვალთვალებდნენ და ცდილობდნენ მისი მაიდენტიფცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
EMC პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს სთხოვს, შეისწავლოს მაჩალიკაშვილის მიმართ შეკრებების მიმდინარეობის დროს, მათ შორის, 2018 წლის 2 ივნისს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
„მალხაზ მაჩალიკაშვილის განმარტებით, ტაქსის მძღოლს მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკეს, რის შემდგომაც მან მაჩალიკაშვილს განუცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით რეკავდნენ და ინტერესდებოდნენ მისი მგზავრის ვინაობით. ამასთან ერთად, გადაადგილების პროცესში, მათ უკან მიყვებოდათ ავტომობილი, რომელიც ტაქსის მოძრაობას აკონტროლებდა. EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებასა და პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენს, რამდენადაც საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მ. მაჩალიკაშვილის მიმართ ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EMC მიუთითებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახი 2018 წლის 31 მაისიდან მონაწილეობას იღებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში. აქციების ფარგლებში მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა ადამიანები ასევე აპროტესტებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპრესიულ პოლიტიკას.