კახეთში სასტუმროს პროექტითა და ბიზნეს გეგმით ნაკვეთი იყიდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნაკვეთი ტურისტულად სტრატეგიულ ადგილას, თელავის ცენტრიდან 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. მისი ფართობი 10 035 კვადრატულ მეტრია, საიდანაც 6 615 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო ნაწილს წარმოადგენს, ხოლო 4 040 კვ.მ. სასოფლო – სამეურნეოა. მის ირგვლივ 30 ჰექტარზე გაშენებულია ვენახები და შესაძლებელია ამ ტერიტორიის შემოერთებაც.
„ნაკვეთი მდებარეობს გზის პირას, ტერიტორია არ არის მჭიდროდ დასახლებული და გაყვანილია ყველა კომუნიკაცია. ტერიტორიაზე დგას 2 სართულიანი ყოფილი სკოლის შენობა (შენობის ფართობია 800 კვ/მ). ნაკვეთის არასასოფლო სამეურნეო სტატუსი იძლევა მშენებლობის ნებართვის მარტივად აღებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მიყიდვის საშუალებას. ტერიტორიაზე დაგეგმილია 33 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, შედგენილია პროექტი და ბიზნეს გეგმა. მიწის ნაკვეთი მდებარეობს წინანდლის მიკრო ზონაში და აქ წარმოებულ ღვინოს შეუძლია, გამოიყენოს ეს სახელი. წინანდალი ფლობს მაღალი კლასის ღვინის სტატუსს,“-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, ნაკვეთს აქვს ასწლოვანი კიპაროსების და კაკლის ხეების მწვანე ზონა.
“აღსანიშნავია ნაკვეთის წინა ხედი, კავკასიონის მთები და უკანა მხარე – შუამთა და შუამთის ტყე, რაც თავისთავად ამ ტერიტორიის ქვეშ არტეზიული (სასმელი) წყლების არსებობას განაპირობებს”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.