“ახტალას გაყიდვის გამო გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან“
“ახტალას გაყიდვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ იყო აჟიოტაჟი. იყიდება მხოლოდ უნიკალური ტალახი და მასთან ახლოს მდებარე კორპუსები. გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან და ადგილობრივი მოსახლეობას ნებისმიერ დროს შეეძლება დაისვენოს“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
მისივე თქმით, კურორტის გაყიდვა გურჯაანში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა სახელმწიფომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე უკვე გამოიტანა. აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 3 მილიონ 755 000 ლარია და მყიდველმა, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ახტალა საქართველოში ტალახით ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.