კახეთში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში, კახეთში, 20 000 საერთაშორისო ვიზიტორი ჩავიდა. 2017 წელს კი რეგიონს ამავე პერიოდში 15 700 ვიზიტორი ეწვია.
“ვიზიტორთა რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით მოიმატა. რეგიონს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეა”,- განაცხადეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა.
გიორგი სულამანიძის განცხადებით, 2018 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალი 2780 ვიზიტორმა მოინახულა.
“2017 წლის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორების საერთო რაოდენობა 2018 წელს 16 %-ით გაიზარდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობა – 41 %-ით. გარდა ამისა, ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა 10 %-ით, რაც ძალიან კარგი შედეგია”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.