სამუშაოს მაძიებელთა გადამზადების პროგრამაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ამჟამად მომზადება-გადამზადების პროგრამით 2310 ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 72 პირია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, განუცხადეს, მოთხოვნად პროფესიაში ერთ მოკლევადიან კურსზე სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2-დან 4 თვემდე მიმდინარეობს. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს შეადგენს. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მომსახურების გათვალისწინებით, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 2 მლნ 090 ათასილარს შეადგენს.
“სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს, მეორე კი შემოდგომის დასაწყისში გამოცხადდება. კვლევის საფუძველზე 51 მოთხოვნადი პროფესია გამოვლინდა. მათ შორის, მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის სფეროებიდან. ასევე მოთხოვნადია კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტი”, – განუცხადეს knews.ge-ს სოციალური მომსახურების სააგენტოში.
უწყების ცნობით, მომზადება-გადამზადების პროგრამაში 17 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი და 27 კერძო კოლეჯია ჩართული.