თელაველი 25 წლის ქალბატონის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ვადა გაგრძელდა
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს გამოძიების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, სასამართლომ, ასევე, მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძისა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ თეიმურაზ ბაქრაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც გადასინჯა.
ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის, ლევან მარსაგიშვილის ინფორმაციით, ის ბრალდებულისთვის ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბაქრაძე პატიმრობაში დატოვა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 109–ე მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. დანაშაული 16–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.