მაჩალიკაშვილების ადვოკატი – პრემიერი დაგვპირდა, რომ ჩვენს მოთხოვნებზე რეაგირება იქნება
კუბლაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა პრემიერისგან კიდევ ერთხელ მიიღო სამძიმარი, თუმცა მოლოდინებზე და კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია.
„ჩვენ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. ყურადღება გამახვილდა იმ მინუსებსა და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერი გვისმენდა ყველაფერზე, დეტალურად მოინიშნა ყველაფერი. აშკარა იყო, რომ მან ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები იცოდა, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, საქმის დეტალებს კიდევ ერთხელ უშუალოდ შეისწავლის და ექნება შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია. პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან, ვინ იქნება დასჯილი და ა.შ. თუმცა ჩვენს მოთხოვნებს, ის რაც ადეკვატურია, უშუალოდ შეისწავლის და იქნება რეაგირება“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
კუბლაშვილის განცხადებით, პრემიერის ადამიანური პირობა იყო, რომ ამ საქმეზე ის გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ცხადია აქციები იქნება, კიდევ უფრო მასშტაბური. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. პრემიერს აქვს გონივრული ვადა, 10-14 დღე“, – აღნიშნა ადვოკატმა.
გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს მის ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აღნიშნა, რომ საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე უარი არასოდეს უთქვამს.