ყვარელში დასუფთავების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის „უთხარი პლასტიკს არა“ ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ახალსოფლის მე-2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები.
სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის თქმით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და მისი შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
,,აქციაში მონაწილეობის გარდა, “ეკო-კლუბის” მოსწავლეებს ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე-სპეციალისტების მიერ შექმნილი სასკოლო-სანერგეს პროექტი გადავეცით, რომელიც სექტემბრის თვიდან ამავე სკოლის ეზოში განხორციელდება. მოსწავლეები დათესავენ წაბლისა და ცაცხვის თესლს, დააკალმებენ ვერხვს და დეკორატიულ ვარდს და შემდეგ თავად იზრუნებენ მცენარეების მოვლა-პატრონობაზე”,- განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.