დედოფლისწყაროში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, 1 ამხილეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დედოფლისწყაროში, 9 ძმის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, უკანონოდ შეაღწიეს, სადაც ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებსა და სამკაულებს. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ქურდობას გულისხმობს.
„ბრალდებულებმა ნაქურდალი ნივთების ერთი ნაწილი გადამალეს, დანარჩენი ნივთები კი მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლომბარდში ჩააბარეს. მათ ნივთები თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ ახლოს მდებარე ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“ და ქალაქ ყვარელში გაყიდეს“, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინსიტროში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რეალიზებული და გადამალული ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება.