“მიწის შესახებ მორატორიუმში ცვლილებები მალე შევა”
როგორც ზურაბ გვასალიამ სააგენტო BM.GE-სთან საუბარში განმარტა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმით დღესაც აკრძალული აქვთ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ.
,,ამ კომპანიების რიგებში არიან ბანკებიც. მათ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწების დასაკუთრების და შემდგომ რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. შედეგი, რაც დადგა ისაა, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება შეაჩერეს. პარალამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მონაცემებით, მორატორიუმის შედეგად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე სესხი შეფერხდა. ბანკების მხრიდან ამ საკითხის აქტიურად დაყენების შემდეგ აგრარულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ ინიცირებული ორგანული კანონის პარალელურად ცვლილებები მოქმედ მორატორიუმში შევა და ბანკებს გზა გაეხსნებათ. საბანკო სექტორისთვის, ისევე როგორც ფერმერებისთვის, განსაკუთრებით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ცვლილებები მორატორიუმში აუცილებლად შევა. ახლა დამამთავრებელ ფაზაში არის შესული და ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. როცა ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული, ორგანული კანონი მხოლოდ მაშინ შედის ძალაში, მანამდე იმოქმედებს მორატორიუმი და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები იქნება მოხსნილი”, -აცხადებს ზურაბ გვასალია.