თუშეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, შეზღუდვების დაწესება დაკავშირებულია მეწყერულ პრობლემებთან. უწყების ინფორმაციით, გზის კმ1-კმ11 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუშეთთან დამაკავშირებელი გზა გუშინ გაიხსნა.
“თუშეთის გზა გაიხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გზა დღის განმავლობაში დაახლოებით 2 ან 3 საათით ჩაიკეტება. შეზღუდვის დაწესების მიზეზი ჩამოწოლილი მეწყერია და ამავე დროს გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინრეობს”, – განუცხადა knews.ge-ს თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა 7 მაისს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად მდინარე ალაზნი 500 მეტრ ფართობზე დაგუბდა და გზის სავალი ნაწილი 10 მეტრ სიმაღლეზე დაიფარა.
ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კილომეტრზე , დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა გასულ წელსაც მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა, შარშან, 12 ივნისს გაიხსნა. თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება.