დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერ აქციას თბილისში მოქალაქეები კახეთიდანაც შეუერთდებიან
მისი ინფორმაციით, აქციას შეურთდებიან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, კახეთიდან.
“აქციაზე ველოდებით მოქალაქეებს ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თელავიდან. ასევე აქციაზე ჩამოვლენ პანკისის ხეობის მკვიდრნი. ჩვენი საბოლოო მიზანია სისტემის დანგრევა. დარწმუნებული ვარ 2-3 დღეში ხელისუფლება არ გვეყოლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის დანგრევას. ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც მოვა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები შსს, პროკურატურა და სასამართლო იქნება კანონზე დაფუძნებული და ხალხზე ორიენტირებული“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გუშინ გამოიტანა. სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, დადუნაშვილის ნაწილში კი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო. პროკურატურა მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექიმებმა რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად მეორე მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.