ახალი ამბები

ლაგოდეხში დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქცია იქნება მშვიდობიანი და მისი მთავარი მიზანი იქნება მოკლული მოზარდის ოჯახისათვის სოლიდარობის გამოცხადება. 
დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს გუშინ ათასობით ადამიანმა სოლიდარობა გამოუცხადა. ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. 
აქციის მონაწილეების ითხოვენ დავით სარალიძის მკვლელეობაში და დანაშაულის დაფარვაში ეჭვმიტანილი პირების, მათ შორის, ირაკლი შოთაძისა და მირზა სუბელიანის დასჯას. ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გუშინ თელავშიც გაიმართა. 
სასამართლომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გუშინ გამოიტანა. სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, დადუნაშვილის ნაწილში კი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო. პროკურატურა მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექიმებმა რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად მეორე მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.