ნუ მომკლავ – თელავში დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს
აქციის მონაწილეებმა პროკურატურის მკვლელობის გამოძიება გააპროტესტეს. როგორც knews.ge-ს კახეთის ქალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ლამაზოშვილმა განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება და მკვლელობაში მონაწილე პირების დროული დასჯა.
“დღეს საქართველოს სასამართლომ გამოიტანა ჩვენთვის ყველასთვის შემაშფოთებელი გადაწყვეტილება და ის ადამიანები, რომლებმაც რეალურად ჩაიდინეს დანაშაული, არიან თავისუფლები და ჩვენ არ გვაქვს სამართლიანობის შეგრძნება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თითოეულ ჩვენგანს გვქვს განცდა, რომ ჩვენს სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას საფრთხე და ამაზე ხელისუფლებას რეაქცია არ ჰოქნდეს. ჩვენ დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ დავით სარალიძეს. მივიჩნევთ, რომ თითოეული მოქალაქის ვალია ჩვენი ხმა გავაგონით ხელისუფლებას, რათა აღვადგინოთ სამართლიანობა”, – განაცხადა თამარ ლამაზოშვილმა.
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, დადუნაშვილის ნაწილში კი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო. პროკურატურა მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექიმებმა რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად მეორე მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 2 დეკემბერს გარდაიცვალა.