საგარეჯოში აგროტურისტული ცენტრი შატო კნიაზი გაიხსნა
“შატო კნიაზის“ წარმომადგენელი კოტე მაყაშვილი აცხადებს, რომ სტუმარს ძველი ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინის გარდა, ქართული კერძების მომზადების მასტერკლასებსა და დეგუსტაციაშიც შეუძლია მონაწილეობა. მაყაშვილი ამბობს, რომ ტურისტებს სამი სახეობის დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვთ. მისი თქმით, საოჯახო ტიპის სასტუმროში ერთდროულად 10-მდე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.
,,ერთი კვირაა, რაც ოფიციალურად დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ტურისტების რაოდენობა დღითიდღე გაიზრდება. ინტერესი კი ძალიან დიდია და ჩვენი ვარაუდით, სტუმრები არ მოგვაკლდება. ჩვენს მყუდრო სასტუმროში გვაქვს საოჯახო ტიპის 4 ნომერი და ერთდროულად შეგვიძლია 8 – 10 სტუმრის მიღება. ჩვენი ორი მარანი კი მზად არის, ერთდროულად უმასპინძლოს 80 სტუმარს. მარნები ძველ ქართულ სტილში გვაქვს მოწყობილი, რაც ტურისტებს ძალიან მოსწონთ. სტუმრებს ამჟამად ვთავაზობთ სამი სახეობის ღვინოს – ქვევრის თეთრ მშრალ რქაწითელს, წითელ მშრალ ხაშმის საფერავს და წითელ ნახევრად ტკბილ ქინძმარაულს. ადგილზე ვხდით ჭაჭას, თონეში ვაცხობთ პურს და ვავლებთ ჩურჩხელას’’,- განუცხადა knews.ge-ს კოტე მაყაშვილმა.
„შატო კნიაზის“ გახსნის იდეა კოტე მაყაშვილის ოჯახის წევრს, ჯემალ მაყაშვილს ეკუთვნის. ჯემალ მაყაშვილი აგროვებდა უნიკალურ ქართულ სიძველეებს და მარანში აგროვებდა, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
,,მარნის შემქმნელი, ჯემალ მაყაშვილი აღარ არის ცოცხალი, თუმცა ჩვენ გავაგრძელეთ მისი დაწყებული საქმე. ბატონი ჯემალი ბევრს მოგზაურობდა საქართველოში, აგროვებდა უნიკალურ ქართულ სიძველეებს, სახლში მიჰქონდა, წლების მტვერს აცლიდა და თავის მარანში უყრიდა თავს. მისი ეს გატაცება იმ პერიოდში შეიძლება ბევრის გაოცების საგანი იყო. ამ ნივთების ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია, თუმცა უდიდესი ნაწილი „შატო კნიაზის“ მარნებშია წარმოდგენილი და მათი დათვალიერება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია’’,- აცხადებს კოტე მაყაშვილი.
ბიზნესის გასაფართოვებლად “შატო კნიაზის“ მფლობელები სამომავლოდ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში აპირებენ მონაწილეობას. კოტე მაყაშვილის განცხადებით, მათი მიზანი ქართული ტრადიციების, ღვინის და კერძების პოპულარიზაციაა.
“შატო კნიაზი“ ახალგაზრდა ენთუზიაზისტთა პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ხარისხიანი ღვინისა და სამზარეულოს პროპაგანდას, განსახვავებული და საინტერესო ტურისტული სერვისების შეთავაზებას. სახელი “შატო კნიაზი“ ჯემალ მაყაშვილის პატივსაცემად დავარქვით, რომელსაც ზედმეტსახელად მუნიციპალიტეტში გვარის გამო კნიაზს ეძახდნენ‘’, – აღნიშნავს კოტე მაყაშვილი.
“შატო კნიაზი“, შემოდგომაზე, რთველის მიმდინარეობის დროს ტურების მოწყობას გეგმავს, რომელიც ყურძნის კრეფას და მარანში არსებულ ძველ საწნახელში ღვინის დაწურვას მოიცავს. კოტე მაყაშვილი აღნიშნავს, რომ მოკრეფილი ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს რთველში მონაწილე სტუმრებს, საახალწლოდ, საჩუქრად ბოთლებით გაუგზავნის.