თელავში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
როგორც Knews.ge-ს აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ისინი პროკურატურისგან მოზარდის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას და მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვენ. აქცია 17:30 საათზე დაიწყება.
“სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა კრიზისშია. ჩვენ მოვითხოვთ, გადადგეს მთავარი პროკურორი და ამ საზარელი მკვლელობების საქმე ობიექტურად გამოიძიონ”, – განუცხადა Knews.ge-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ ეჟიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თელაველების გარკვეული ნაწილი პროკურატურასთან 19 საათზე დაგეგმილ აქციას შეურთდება.
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, დადუნაშვილის ნაწილში კი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო. პროკურატურა მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.