თუშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
როგორც knews.ge-ს თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა,
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში, ავტომობილები შეზღუდვით იმოძრავებენ. ტრაიელ წიკლაური სპეციალური რეჟიმის დაწესებას მეწყერულ პრობლემებს უკავშირებს.
“თუშეთის გზა გაიხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გზა დღის განმავლობაში დაახლოებით 2 ან 3 საათით ჩაიკეტება. შეზღუდვის დაწესების მიზეზი ჩამოწოლილი მეწყერია და ამავე დროს გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინრეობს”, – განუცხადა knews.ge-ს ტარიელ წიკლაურმა.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა 7 მაისს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად მდინარე ალაზნი 500 მეტრ ფართობზე დაგუბდა და გზის სავალი ნაწილი 10 მეტრ სიმაღლეზე დაიფარა.
ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კილომეტრზე , დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა გასულ წელსაც მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა, შარშან, 12 ივნისს გაიხსნა. თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება.