თელავში ფემინისტური ფესტივალი გაიმართება
ფესტივალი 1 ივნისს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში იგეგმება აკადემიური ლექციები, ვორქშოპები, კონცერტი, ფილმების ჩვენება და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში ლექციებზე იმსჯელებენ ქალთა უფლებების და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირზე, სოციალურ პრობლემებზე, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიგრაციაზე და ა.შ.
“ღონისძიებები ჩატარდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 14:00 – 15:00 საათზე გაიმართება თამარ ცხადაძეს ლექცია „ინტერსექციურობა: ცნება, ისტორია, კონტექსტი და შედეგები ფემინისტური პოლიტიკისთვის”; 15:30 სთ-ზე საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ჩაატარებენ კვლევის „ეკომიგრაციის გენდერული ასპექტები“ პრეზენტაციას; 16:00 საათზე აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს ელენე ახვლედიანზე. ღონისძიებები იგეგმება პარკში “ნადიკვარი”. 17:00 – 18:00 სთ-ზე გაიმართება ფიზიკური უსაფრთხოებისა და ნუნუ ბებოს ხელნაკეთი თოჯინების ვორქშოპები.
21:00 სთ-ზე დაგეგმილია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის პრემიერა „ჩემი ბედნიერი ოჯახი”.
2 და 3 ივნისს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარკ ,,ნადიკვარში“ სხვადასხვა სახის ღონისძიება, ფილმის ჩვენებები, ვორქშოპები, კონცერტები გაიმართება. ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება’’, – განუცხადეს knews.ge-ს ქალთა ფონდში.
ფემინისტური ფესტივალი „ქალთა ფონდმა საქართველოში“ 2017 წელს დააარსა. ფესტივალის მიზანია შექმნას დაცული სივრცე, სადაც ქალთა უფლებებით დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ ერთად იმსჯელონ იმ მრავალმხრივ პრობლემებზე, რომლებიც ქალებს სხვადასხვა სფეროში ექმნებათ. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია Sigrid Rausing Trust.