თელავის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნება
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. მერის სათათბირო ორგანოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, ინფრასტრუქტურული და სოციალური, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.
როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მეწარმე იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა მიმდნარე წლის 10 ივნისამდე შეეძლებათ.