ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობის პრობლემების აღწერას იწყებს
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება 2 მილიარდნახევრიანი სახელმწიფო ფონდი, რომლის მიზანი იქნება დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას.
,,ხელსუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ შევქმნით 2-მილიარდნახევრიან ფონდს, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეების მხარდაჭერას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან დაზარალებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომელსაც ყოველგვარი მიზეზის და არგუმენტაციის გარეშე მოუხსნეს დახმარება. ჩვენი მოსვლისთანავე აღვწერთ დაზარალებულ მოსახლეობას. ამ ფონდის მეშვეობით კომპენსაციებს დავურიგებთ ყველა დაზარალებულ ადამიანს. ჩვენ, საქართველოს მასშტაბით, დარეგისტრირებული გვაქვს 24 ოფისი. კახეთში სამი ოფისი იმუშავებს: თელავში, გურჯაანსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სადაც დავარეგისტრირებთ დაზარალებულ ადამიანებს, შევისწავლით მათ საქმეს, გავეცნობით დოკუმეტნაციას, რა ნიშნით არიან დაზარალებულები. გარდა ამისა, ჩვენ ამ ადამიანებს გადავცემთ გარანტიის სერტიფიკატებს, რომელიც იქნება მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით დამოწმებული. ამით მათ მივცემთ გარანტიას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ ამ ადამიანებს გავუსტუმრებთ იმ განაცდურს და დანაკარგს რომელიც მათ მიადგათ დღევანდელი რეჟიმის მხრიდან. გარდა ამისა, მოქმედებს ცხელი ხაზი, 515152, რომლის დახმარებითაც დავუკავშირდებით დაზარალებულ ადამიანებს და შემდგომ მათ გადავამისამართებთ სხვადასხვა ოფისში, სადაც მათთვის მოსახერხებელი იქნება’’,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის უმეტესობა დღეს მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, რადგან ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მოქალაქეები სერიოზულად დააზარალეს.
,,მთავრობასთან შეკრულმა მევახშე ბანკებმა ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ მოსახლეობას წაართვეს ყველაფერი, რაც გააჩნდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ აძლევთ გარანტიას, რომ მოვსპობთ მოვახშეობას, დაუყოვნებლოვ გამოვაცხადებთ ორწლიან მორატორიუმს უსამართლო და საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გადახდაზე და ყველა ვალი დაანგარიშდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული დოლარის კურსით. ჩვენ შემოვიღებთ რეგულაციებს, რომლითაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ იქნებიან მევახშეები და მოუწევთ საპროცენტო განაკვეთების დაწევა’’,– აღნიშნა ბოტკოველმა.