ახალი ამბები

თელავის ახლადგახსნილ მუზეუმში კანალიზაცია გასკდა და ექსპონატები დაზიანდა

შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც knews.ge-ს მუზეუმის დირექტორმა განუცხადა, 4 ნამუშევრის დაზიანების მიზეზი საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, დაზიანებული ექსპონატები უკვე აღადგინეს. 

“საკანალიზაციო მილი მწყობრიდან გამოვიდა და წყალმა შენობაში გამოჟონა. შესაბამისი ზომები დროულად მივიღეთ. შემთხვევის შედეგად მცირედით დაზიანდა 4 ექსპონატი, თუმცა მათგან არც ერთი არ იყო მუზეუმში დაცული შედევრები. დაზიანებული ნახატები უკვე აღცადგინეთ და საკანალიზაციო სისტემაც შევაკეთეთ“, – განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.
თელავის განახლებული ისტორიული მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა. ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორ ეტაპად განახორციელა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მუზეუმს, ასევე, შეემატა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები, რარიტეტული გამოცემები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები. ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ლარია.