თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნა
მთელი დღის განმავლობაში ქალაქ თელავის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის ღონისძიებ, გამოფენილი იყო კომპანიების მიერ დამზადებული ღვინოები, ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ნამუშევრები, სამხედრო ტექნიკა და ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშები. ღონისძიებაზე დასასწრებად თელავთან დამეგობრებული ლიტველი და ბელარუსელი ფოლკლორული ანსამბლები ჩამოვიდნენ, რომლებიც ქართველებთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღია, რომელიც თავისუფლებასთან ასოცირდება.
,,ამ საიუბილეო დღეს ვხვდებით ისე, როგორც საკადრისია. დილის 12 საათიდან თელავში მიმდინარეობს ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია ასევე სამხედრო ტექნიკა, გაიმართა ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი პროგრამა მხიარული სტარტებითა და სპორტულ-მუსიკალური შეჯიბრებებით. მთელი დღის მანძილზე ტარდებოდა კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, თელავთან დამეგობრებული ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ანიკშჩაის და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ გლუბოკოეს ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ. ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოერვერკით“ დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „ქართული ხმები“, „ქუჩის ბიჭები“, „ფრანი“ და მომღერალი ნინი ქარსელაძე მიიღებენ’’,- განუცხადა knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც ღვინის 30-მდე კომპანია და მცირე მეწარმე მონაწილეობს.
,,ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი, ქართული ვაზის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართა შემეცნებითი ლექცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან მეხუზლა უძღვებოდა, აქვე გაიმართა სამეცნიერო დოკუმენტურის ფილმის „საქართველოს ღვინის აკვანი“ ჩვენება’’,-განუცხადა Knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.