თელავში ბატონის ციხის ტაძრებისა და არჩილის კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება
როგორც knews.ge-ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა განუცხადა, მესამე ეტაპზე ბატონის სასახლის მიმდებარე ორი ეკლესიის, აბანოს და არჩილის კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება. გურამ ურჩუხიშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„როდესაც სრულდებოდა ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ისტორიული გალავნის შიგნით არსებული ორი ტაძრის, მეფის აბანოს და არჩილი კოშკის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ციხე-გალავნის ორი კარიბჭის აღდგენა და გადასახედის რეკონსტრუქცია“, – განუცხადა knews.ge-ს გურამ ურჩუხიშვილმა.
ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორ ეტაპად განახორციელა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მუზეუმს, ასევე, შეემატა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები, რარიტეტული გამოცემები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები. ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ლარია.