გურჯაანში ტურიზმის განვითარების 20 პუნქტიანი გეგმა შემუშავდა
მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, სტრატეგიული გეგმის შედგენაში ქართველი სპეციალისტების გარდა, ჩართული იყო გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტმა პეტერ შულცემ. ნინო ნინოშვილის ინფომაციით, ექსპერტი, სამი კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს ეცნობოდა და შემდეგ ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენაში მონაწილეობდა.
“მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში არსებული ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, მარნების და არსებული პრობლემების შეისწავლეს. ამ პროცესში კი ქართველებთან ერთად იმუშავა გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტმა, რომელსაც ტურიზმის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. მან ჩვენთან ერთად დაათვალიერა სხვადასხვა ადგილი, გაეცნო ისტორიულ ძეგლებს, გურჯაანის პოტენციალს და მიიღო მონაწილეობა გეგმის დამუშავებაში”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.
გერმანელი ექსპერტის განმარტებით, ტურიზმის მიმართულებით გურჯაანში ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
პეტერ შულცეს თქმით, ტურისტების დასაინტერესებლად პირველ რიგში საჭიროა დიდების მემორიალის განახლება და დასასვენებელი პარკის მოწყობა, სადაც თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სხვადასხვა ატრაქციონი მოეწყობა.
,,ახალი მარნების მშენებლობა მნიშვნელოვანია ტურისტების მოსაზიდად. დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები, საინტერესო ადგილები. მინდა ვთქვა, რომ გურჯაანს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. გურჯაანში ტურიზმის განვითარების მიზნით აუცილებელია სუსტი მხარეების გაძლიერება და პრობლემების მოგვარება. მომზადდა 20 პუნქტიანი გეგმა და ანალიზი და ამ დოკუმენტის მიხედვით ტურიზმის განვითარებაზე უნდა დაიწყოს მუშაობა’’, – აღნიშნა პეტერ შულცემ.