თბილღვინო კახეთში აგროტურისტული ცენტრის გახსნას გეგმავს
ლაშა ლომაშვილის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 8 მილიონი დოლარია. საიდანც მნიშვნელოვან ნაწილს IFC დააფინანსებს.
“კახეთში გვინდა დამატებით ვენახები გავშენოთ და აგროტურისტული ცენტრი მოვაწყოთ, სადაც პრემიუმკლასის ღვინოების საწარმო განთავსდება. აქ დავაყენებთ განსაკუთრებული მარაგის და ქვევრის უმაღლესი ხარისხის ღვინოებს, რომლებიც ტურისტების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს. ამ პროექტების განხორციელებაში მსოფლიო ბანკი დაგვეხმარება“, – განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კომპანიაში სტუმრად იმყოფებოდა „მსოფლიო ბანკის” აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია და იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომპანიამ IFC-ის დახმარებით უკვე განახორციელა.
კომპანია „თბილღვინო“ 1962 წელს დაარსდა და წელიწადში დაახლოებით 3-4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. „თბილღვინოს“ დამფუძნებლები ძმები გიორგი და ზურაბ მარგველაშვილები არიან. კომპანიის წარმოებული ღვინო ევროპის 30 ქვეყანაში უკვე იყიდება. წელს კომპანიის მიერ კახეთში მოყვანილი ყურძნისგან დაყენებული ღვინო პირველად ბრაზილიაში გაიყიდება. საწარმო ამ დროისთვის რქაწითელს, საფერავს, წინანდალს, ნაფარეულს, მუკუზანს, ტვიშს, ახაშენს, ქინძმარაულს, ხვანჭკარას, ოჯალეშს და 26 სხვა სახეობის ღვინოს ამზადებს.