საგარეჯოში ცენტრალური სტადიონი გაიხსნა
როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერმა განუცხადა, სტადიონის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომებრში დაიწყო. გიორგი ერბოწანაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე, ჯამში, 636 557 ლარი დაიხარჯა.
„სტადიონის რეაბილიტაციის თანხის უმეტესი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, გარკვეული ნაწილი კი – მუნიციპალურმა ბიუჯეტმა. ამ მასშტაბის პროექტი მრავალი წელია არ განხორციელებულა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მეორე პროექტის განხორციელებაც, რომელიც მიზნად ისახავს ტრიბუნების რეაბილიტაციას, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის, აგრეთვე გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობას. ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის განვითარებისა და მოსახლეობის ფართო ფენებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტს და ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით კვლავაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სპორტის სხვა სახეობათა განვითარებისთვისაც“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ერბოწანაშვილმა.