სტატიები

თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად პროექტი იწყება

პროექტის ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ მიზანია მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. 
საიას აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყნის კანონმდებლობის გაუმჯობესება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების მიმართულებით. ირმა პავლიაშვილის თქმით, დაგეგმილია ქვეგრანტების გაცემა ადგილზე რიგი საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც დაეფუძნება კვლევებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში ჩატარდება. 
,,ვაპირებთ, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები და რეალურად დავეხმაროთ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, ქალები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და თვითმმართველობა. ეს ყოველივე ემსახურება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას“, – განუცხადა knews.ge-ს ირმა პავლიაშვილმა. 
საქართველოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ზაზა გაბუანიას თქმით, ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება აუცილებელია. 
,,აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით და სხვა. აღნიშნული პროექტი თვითმმართველობების ბიუჯეტში ამ კომპონენტების გათვალისწინებაზე მუშაობასაც უკავშირდება. მნიშვნელოვანია მოსახლეობა, მონაწილეობას იღებდეს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში”,- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. 
ექსპერტების თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა სულ უფრო მცირდება. 
„მოქალაქეთა ინფორმირების გარდა, მათი აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში უმთავრესია. მოქალაქეების ჩართულობა თვითმართველობის საქმიანობაში ძალიან დაბალია. ისინი თითქმის არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს. გადაწყვეტილების მიღების პროცეში მოქალაქების ჩართვის არსებული მექანიზმები კი ხშირ შემთხვევაში ფორმალური ხასიათს ატარებს”,- აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას თვითმმართველობის ექსპერტები. 
თელავის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის, საკრებულოს სხდომების ჩატარების თარიღისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. სოფელ ბუშეტის მკვიდრი ცისანა თულიანი თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ფიქრობს, რომ მის აზრს არავინ გაითვალისწინებს. 
,,არასდროს მიმიმართავს გამგეობისთვის, ეხლანდელი მერიისთვის, შენობაშიც არ ვყოფილვარ. გინდაც რამე დამჭირდეს, მიმართვას არამგონია, რამე აზრი ქონდეს. სოფელში კრებები თუ ოდესმე ტარდებოდა, მე არ მსმენია, არ მიმიღია მონაწილეობა. ხალხი პურის ფულის შოვნაზეა გადასული, ვის აინტერესებს არაფრისმომცემი შეხვედრები? არც შენს აზრს ითვალისწინებენ და არც გისმენენ. ვის ჭირდება აქტიური მოსახლეობა?“,– ამბობს knews.ge-სთან საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის მკვიდრი, ცისანა თულიანი.