დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს
როგორც knews.ge-ს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ფრესკები ზედაპირულადაა დაზიანებული. ბექა ბარამიძის ინფორმაციით, შესაძლებელია მისი რესტავრაცია ისე, რომ ფრესკის ფენები არ დაზიანდეს.
„საბედნიეროდ ფრესკები ზედაპირულად დააზიანეს, თუმცა ეს მაინც ვანდალური ფაქტია. ფრესკებზე ლათინურ ენაზე ცარცით და კირქვით დააწერეს. ეს წარწერა ქტიტორთა ფრესკის ფასადზეა. ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტი, არაუმეტეს, 10 დღის ინტერვალში მოხდა. ადგილობრივ გიდებს მანამდე ეს წარწერა არ შეუნიშნავთ. სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, შედარებით მარტივი მეთოდით შესაძლებელი გახდება, ამ წარწერის მოსწორება, ლოკალიზება და ფრესკისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. სპეციალისტები შეაჯერებენ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს რესტავრაცია. ეს სამუშაოები, სავარაუდოდ, მოკლე დროში დასრულდება. ზედაპირული შრეები დაზიანებული არ არის. მარტივადაა შესაძლებელი ამ წარწერის ჩამოხნა ისე, რომ მხატვრობის ფენები არ დაზიანდეს. ძეგლის ადგილმდებარეობისა და რთული კლიმატური პირობების გამო ამ ეტაპზე დაცვის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება ვერ ხერხდება“, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბარამიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყოს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მსგავსი ვანდალური ფაქტები.
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მასში შემავალი კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი, მათ შორის, საბერეები, უდაბნოს მონასტერი, დოდოს რქა, შევიდა „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში. ეს ითვალისწინებს საფრთხის შემცველი ძეგლებისთვის კვალიფიციური სპეციალისტების ადგილზე მოწვევას და სწორი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიის შემუშავებას ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად. ამ განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით სარეაბილიტაციო პროცესის წარმართვას, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლის არასახარბიელო მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას. ძეგლის რეაბილიტაცია განაპირობებს მყარ გარანტიას, რომ დაიწყოს სამონასტრო ცხოვრება. ეს იქნება ძეგლის დამატებითი დაცვის გარანტია“, – აღნიშნა ბარამიძემ.