ახალი ამბები

მირზაანში, ნიკო ფიროსმანის მუზეუმში სტუდენტური კვირეული დღეს დასრულდება

 როგორც knews.ge-ს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, უწყების საგანმანათლებლო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში პარტნიორის სტატუსით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი თეატრალიზებული სანახაობები და განსხვავებული შინაარსის მქონე პერფორმანსები წარადგინეს. 
“სტუდენტური კვირეულის ფარგლებში შემოქმედებით აქტივობები გამართეს: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სტუდენტებს პატრნორობას უწევდნენ ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ის მოსწავლეები, რომელთაც სააგენტოს მიერ „კულტურული მემკვიდრეობის დესპანების“ სტატუსი აქვთ მინიჭებული და აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო უწყების ორგანიზებულ ღონისძიებებში”, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბარამიძემ. 
მისივე ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში ფიროსმანის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრები წარადგინეს დედოფლისწყაროს სამხატვრო და ხელოვნების სკოლების მოსწავლეებმა. სტუდენტური კვირეულის დასკვნით დღეს კი თეატრალიზებულ სანახაობებსა და გამოფენებს წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტები. ღონისძიებაში ჩართულები არიან თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებიც.