თელავის მე-7 საბავშვო ბაღში გარდამავალი ჯგუფი გაიხსნა
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით 2018 წლის 1 აპრილს თელავის მე-7 საბავშვო ბაღში შეიქმნა „გარდამავალი ჯგუფი“. მისივე თქმით, ჯგუფის მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა სახის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლა წარმოადგენს.
„ეს ის პროექტებია, რომელიც პირდაპირ მიდის ბავშვებთან, რადგან სამაგალითო ფორმატს ქმნის. შესაძლებელია ეს გავრცელდეს სხვა მუნიციპალიტეტებში და სხვა საბავშვო ბაღებში’’, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე განცხადებით, გარდამავალ ჯგუფს ადრეული განვითარების 4 სპეციალისტი, ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს.
“გარდამავალი ჯგუფის სპეციალისტები ბაღის სხვა აღმზრდელებთან თანამშრომლობენ, წინასწარ ათანხმებენ სტრატეგიებს ბავშვების ამა თუ იმ ჯგუფში გადაყვანის შესახებ. „გარდამავალ ჯგუფში“ 7 წლამდე აუტიზმის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის დარეგისტრირება შეუძლია მშობელს სასწავლო წლის ნებისმიერ დროს. საქართველოს საჯარო ბაღებში უკვე დიდი ხანია ინერგება ინკლუზიური მიდგომა, ბევრი აღმზრდელი მოტივირებულია, ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვი ჩართოს სააღმზრდელო პროცესებში”, – აღნიშნა ჯაშმა.