თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენებაში მთავრობას ჩინეთი დაეხმარება
ფსიქიატრიული კლინიკის პროექტის განხორციელებაში საქართველოს ჩინეთი დაეხმარება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ორ ქვეყანას შორის “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად განხორციელდება. უწყების ცნობით, სამშენებლო ფართი, დაახლოებით, 2230 კვ.მ. იქნება.
,,ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე, უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობის და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის საჭირო რაოდენობის ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე უზრუნვეყოფს დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მოწოდებას, რაც მოიცავს დამონტაჟებასა და დატესტვას. ძი იანჩისათვის მიწერილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ საქართველო პროექტის ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას, გამოყოს მიწა საავადმყოფოების ასაშენებლად და მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობისთვის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში. სახელმწიფო ამ ტერიტორიაზე მიწის ზედა და მიწის ქვეშ არსებული ყველა ბარიერის დემონტაჟს განახორციელებს და სამშენებლო ობიექტებს გაწმენს. ასევე საქართველოს მთავრობა დაეხმარება ჩინელ ინჟინრებსა და ტექნიკურ პერსონალს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მიღებაში’’, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო მოიცავს ამბულატორიულ, კრიზისული ინტერვენციის, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მომსახურებისა და სტაციონარულ განყოფილებებს, საოფისე და აპარატურის ოთახებს, რომლებიც აღჭურვილი იქნება სათანადო დამხმარე მოწყობილობით.